უნგრეთში შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს
უნგრეთში შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს

უნგრეთის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად დააკავა 11 ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან შეიარაღებული გზით ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაგეგმვაში.

რეიდები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში 10 ადგილას ერთდროულად ჩატარდა. სპეცოპერაციაში პოლიციის 150 ოფიცერი მონაწილეობდა.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო აღჭურვილობა, პნევმატური იარაღი და სხვა მასალა, ასევე დაჯგუფება „სკვითურ უნგრეთთან“ დაკავშირებული დოკუმენტები.

გასული წლის ნოემბერში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ადამიანთა ჯგუფი „სკვითური უნგრეთის“ ჩამოყალიბებისა და თავისუფალი სამხედრო რაზმების შეიარაღების შესახებ აცხადებდა. ისინი ასევე მთავრობის წევრების დაკავებით, პოლიციისა და სამხედროების განიარაღებით იმუქრებოდნენ.

გამოძიების ეროვნულმა ბიურომ საკონსტიტუციო წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმის მზადების საქმეზე გამოძიება დაიწყო.