უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები აპრილში გაიმართება
უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები აპრილში გაიმართება

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 8 აპრილს გაიმართება.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა იანოშ ადერმა განაცხადა.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესს“ („უნგრული სამოქალაქო კავშირი“) გამარჯვების ყველა შანსი აქვს.

ამჟამად „ფიდესს“ ამომრჩეველთა თითქმის 50% უჭერს მხარს.

მთავარ ოპოზიციურ მოძრაობას, ულტრამემარჯვენე „იობიკს“ 20%-იანი რეიტინგი აქვს. სოციალისტები მესამე ადგილს იკავებენ.

ამგვარად, სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ 54 წლის ვიქტორ ორბანმა შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მესამედ დაიკავოს.

ვიქტორ ორბანის მომხრეები მიიჩნევენ, რომ მან კომუნისტური პერიოდის შემდეგ უნგრეთის რეფორმირება შეძლო.

კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ორბანის ნაციონალისტურმა პოლიტიკამ ქვეყანა დემოკრატიისგან ავტორიტარიზმისკენ წაიყვანა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიგრანტების მიმართ მკაცრ პოლიტიკას ატარებს და პოლონეთთან ერთად ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს.

მიმდინარე კვირას ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აპრილში დაგეგმილი საბედისწერო არჩევნები განსაზღვრავს, დარჩება თუ არა უნგრეთი უნგრელების ქვეყანა თუ გადაიქცევა ქვეყნად იმიგრანტებისთვის.