უნგრეთში მასწავლებელთა ხელფასების ზრდის მოთხოვნითა და პროტესტის გამო გათავისუფლებული პედაგოგების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა
უნგრეთში მასწავლებელთა ხელფასების ზრდის მოთხოვნით და პროტესტის გამო გათავისუფლებული პედაგოგების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანმა აქცია გამართა. დემონსტრაციაში მასწავლებლებთან ერთად, სტუდენტები და მშობლები მონაწილეობდნენ.
„როიტერის“ ცნობით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მახლობლად, ბუდაპეშტის ხიდი გადაკეტეს. ხიდის გადაკეტვამდე სტუდენტებმა მასწავლებლების მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რამენიმეკილომეტრიანი ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
აქციის მონაწილეები მასწავლებლები ხელფასების ზრდის გარდა, სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებელთა ნაკლებობის პრობლემის გადაჭრასა და გაფიცვის უფლების აღდგენას ითხოვენ.
როგორც „როიტერი“ წერს, მთავრობაში აცხადებენ, რომ მასწავლებელთა ხელფასებს გაზრდიან, როგორც კი ევროკომისია ევროკავშირის აღდგენის ფონდიდან უნგრეთს თანხას გამოუყოფს, რომელიც ბრიუსელმა ბუდაპეშტს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაუბლოკა.
2022 წლის იანვარში უნგრეთში მასწავლებლების მიერ გამოცხადებული მასშტაბური გაფიცვის შემდეგ, მთავრობამ პედაგოგებს გაფიცვის უფლება შეუზღუდა.გასულ კვირას კი ბუდაპეშტის სკოლიდან რამდენიმე მასწავლებელი სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ ისინი პროტესტს შეუერთდნენ.