უნგრეთში ხვალიდან კარანტინი ცხადდება
უნგრეთში ხვალიდან კარანტინი ცხადდება

უნგრეთის ხელისუფლება ხვალიდან კარანტინის რეჟიმს აცხადებს. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, 28 მარტიდან 11 აპრილამდე კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ფარგლებში, მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა აკრძალული ექნებათ.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები სურსათის საყიდლად მაღაზიებში მიდიან. დაშვებული იქნება ქუჩაში სავარჯიშოდ გასვლაც, თუმცა მოქალაქეებს დისტანციის დაცვა მოუწევთ.

კარანტინის რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებლობა პოლიციას დაეკისრება. შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ჯარიმა დაეკისრებათ.

ორბანის თქმით, მთავრობა უკვე მუშაობს ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში იქნება მზად.

უნგრეთში ამჟამად ახალი კორონავირუსის 300 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 10 ადამიანი. თუმცა ხელისუფლება შიშობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტი იყოს.

ორბანი ვარაუდობს, რომ დაავადების გავრცელება პიკს უნგრეთში ივლისში მიაღწევს.