უნგრეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების სახელმწიფო მხარდაჭერას ზღუდავს
უნგრეთში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების სახელმწიფო მხარდაჭერას ზღუდავს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ახალი კანონის შედეგად ათასობით უკრაინელი ლტოლვილი, შესაძლოა, უნგრეთში საცხოვრებლის გარეშე აღმოჩნდეს ან იძულებული გახდეს, უკან, უკრაინაში დაბრუნდეს.
კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილება ზღუდავს უკრაინელებისთვის სახელმწიფო დახმარებას, რომლებიც უნგრეთში ჩავიდნენ უკრაინის იმ რეგიონებიდან, რომლებიც რუსეთის ინტერვენციის შედეგად პირდაპირ არ დაზარალდნენ. უნგრეთის ხელისუფლების მიერ შედგენილ სიაში ასეთი 13 რეგიონია. აღნიშნულ სიას უნგრეთის მთავრობა ყოველთვე გადახედავს.
ახალი კანონის თანახმად, სახელმწიფოს დახმარებას, კერძოდ, საცხოვრებელს და ყოველთვიურ ფულად თანხას მიიღებენ მხოლოდ ის უკრაინელები, რომელთა უკანასკნელი ოფიციალური მისამართი უკრაინაში მდებარეობს სამხედრო მოქმედებებით უშუალოდ დაზარალებულ ზონაში.
უნგრეთს 31 ათასამდე უკრაინელი აფარებს თავს.
გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებით, სუბსიდირებულ თავშესაფარს დაახლოებით 2-3 ათასი ლტოლვილი დაკარგავს.
უფლებადამცველი ჯგუფები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მოწყვლადი არიან ბოშათა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ლტოლვილები უკრაინის ზაკარპატიეს ოლქიდან.
მედიის ცნობით, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ერთ-ერთი თავშესაფრიდან გაასახლეს უკრაინის 120 მოქალაქე, ძირითადად, ბოშა ქალები და ბავშვები.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ სწავლობენ, რამდენად შეესაბამება უნგრეთის მიერ მიღებული ახალი კანონი ევროკავშირის „თავშესაფრის მინიჭების წესებს“.
„ჩვენ ინფორმირებული ვართ დადგენილების შესახებ და ვსწავლობთ მას. ევროკავშირი ერთიანია იმ პირების დაცვის უზრუნველყოფაში, ვინც პუტინის ბომბებს გაურბის და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ დაცვას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა.