უნგრეთში აცხადებენ, რომ მთავრობა პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენს საკანონმდებლო ცვლილებებს ევროკომისიასთან დაპირისპირების დასასრულებლად და ევროკავშირის ფონდებზე წვდომის გასახსნელად
უნგრეთის მთავრობა პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენს საკანონმდებლო ცვლილებებს ევროკომისიასთან დაპირისპირების დასასრულებლად და ევროკავშირის ფონდებზე წვდომის გასახსნელად. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგელი გულიასმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მიმართავს პარლამენტს, დაჩქარებული წესით დაამტკიცოს კანონპროექტები. გეგმის მიხედვით, ახალი კანონები ნოემბერში უნდა შევიდეს ძალაში.
ევროკომისია პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობას ქვეყანაში კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაში სდებს ბრალს, რის გამოც ევროკომისიამ ბუდაპეშტს პოსტპანდემიური ეკონომიკის აღსადგენად გათვალისწინებულ 6-მილიარდ ევროიან ფონზე წვდომა დაუბლოკა.
ამას გარდა, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ევროკომისიამ შესაძლოა ევროკავშირის საბჭოსთვის გასცეს რეკომენდაცია უნგრეთისთვის საერთო ბიუჯეტიდან მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერებაზე კორუფციასთან დაკაშირებული პრობლემების გამო.
ევროკავშირის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, უნგრეთში 2015-2019 წლებში ევროკავშირის სახსრების დახარჯვის დროს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა.