უნგრეთსა და ნიდერლანდებს არ სურთ, რომ ევროკავშირის მიგრაციული წესები შეასრულონ
უნგრეთს, ნიდერლანდებთან ერთად, სურს, უარი თქვას ევროკავშირის მიგრაციული წესების შესრულებაზე. ამის შესახებ უნგრეთის ევროპის საკითხთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„უკანონო მიგრაციის შესაკავებლად საჭიროა მკაცრი ზომები, უნგრეთის მთავრობა შეუერთდება ნიდერლანდებს ევროკავშირის თავშესაფრის მინიჭებისა და მიგრაციული წესებზე უარის თქმის თხოვნით, თუკი ხელშეკრულების ცვლილება ამის საშუალებას მოგვცემს“, – დაწერა უნგრელმა მაღალჩინოსანმა.
გასულ კვირას ნიდერლანდების ახლა მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს „უმკაცრესი მიგრაციული პოლიტიკის“ გატარებას. ნიდერლანდებმა ევროკავშირის წარუდგინა განაცხადი, რომ არ შეასრულებს გარკვეულ მიგრაციული წესებს.
ევროკავშირის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანა ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელიც ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს. ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიაში განაცხადეს, რომ მსგავს ცვლილებებს უახლოეს პერიოდში არ ელოდებიან. ევროკავშირის თავშესაფრისა და მიგრაციის წესები სავალდებულოა და ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა მათ შესრულებას გააგრძელებს.
ივნისში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ევროკავშირის მიგრაციული წესების შეუსრულებლობისთვის უნგრეთს 200 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამასთან, სასამართლომ უნგრეთს დადგენილების შეუსრულებლობის თითოეული დღისთვის დამატებით ერთი მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა.
ევროკომისიამ განაცხადა, რომ, ჯარიმის გადაუხდელობის გამო, აღნიშნული თანხის კომპენსაცია ევროკავშირის საერთო ფონდებიდან უნგრეთისთვის განკუთვნილი ფულით მოხდება.