უნგრეთმა ნატო-ს უკრაინის მიმართ პოლიტიკის გადახედვის თხოვნით მიმართა
უნგრეთმა ნატო-ს უკრაინის მიმართ პოლიტიკის გადახედვის თხოვნით მიმართა, ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტი, რომლის სათაურია „მემორანდუმი: უკრაინის მიმართ ნატო-ს ახალი პოლიტიკის შექმნის ინიციატივა“ უნგრეთის განახლებული მთავრობის პირველ სხდომაზე დაამტკიცეს. აღნიშნული მემორანდუმი ვიქტორ ორბანის მთავრობამ ალიანსის შტაბ-ბინასა და ყველა მოკავშირე სახელმწიფოს გაუგზავნა.
დოკუმენტში უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინის რეფორმირების გეგმა ჩავარდა და ამიტომ ამ ქვეყნის მიმართ პოლიტიკის გადახედვას ითხოვს.
„უკრაინული სახელმწიფო იმ დონემდე შესუსტდა, რომ ახლა მას არ ძალუძს საბაზისო ვალდებულებების შესრულება, მათ შორის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და ეფექტიანი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მართვის განხორციელება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ორბანის მთავრობა ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების უპრეცედენტო დონის მიუხედავად, უკრაინამ წარმატებას ვერ მიაღწია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უკრაინა მეზობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამის საფუძველზე, უნგრეთი ნატო-ს სთავაზობს, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გადახედოს.
„რეგიონში, ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ნატო-მ უნდა მოახდინოს უკრაინის მიმართ თავისი პოლიტიკის ადაპტირება ახალი გარემოებების გათვალისწინებით“, – წერია დოკუმენტში.
ამასთან, როგორც გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ აღნიშნავს, მემორანდუმში უნგრეთი ითხოვს, რომ უკრაინამ გააუქმოს განათლების შესახებ კანონი, რომელიც ნაციონალური უმცირესობების ენებზე განათლების მიღებას კრძალავს.
როგორც უკრაინულ გამოცემას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განუცხადეს, უნგრეთის მთავრობის ინიციატივის მიუხედავად, ნატო არ აპირებს, უკრაინასთან თანამშრომლობის გადახედვას.
„ნატო უკრაინას ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერით უზრუნველყოფს და არ აპირებს აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით გეგმების შეცვლას“, – განუცხადეს „ევროპეისკაია პრავდას“ ალიანსის შტაბ-ბინაში.