უნგრეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ცოდნის გაზიარების შესახებ სამოქმედო გეგმას“ მოეწერა ხელი
უნგრეთისა და საქართველოს საგარეო უწყებებს შორის „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ცოდნის გაზიარების შესახებ სამოქმედო გეგმას“ მოეწერა ხელი

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად ხელი მოაწერა „უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ცოდნის გაზიარების შესახებ სამოქმედო გეგმას“.

დოკუმენტის თანახმად, უნგრეთის დიპლომატიური აკადემია ქართველ საჯარო მოხელეებს შესთავაზებს სემინარს, სადაც საქართველოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით უნგრეთის გამოცდილებაზე.

გარდა ამისა, აღნიშნული დოკუმენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.