უნგრეთის სახელმწიფო მინისტრი - უნგრეთი ევროკავშირს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიღების გზით გაფართოებისკენ მოუწოდებს
სტრატეგიული თვალსაზრისით და უსაფრთხოების პოლიტიკის გათვალისწინებით, უნგრეთი ევროკავშირის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიღების გზით გაფართოებისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მინისტრმა საბოლჩ ტაკაჩმა განაცხადა. მისი განცხადება უნგრეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგევრდზე გამოქვეყნდა.
„უნგრეთი მოუწოდებს ევროკავშირს, რაც შეიძლება მალე დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მაკედონიასთან და ალბანეთთან, რაც შეიძლება მალე დაასრულოს მოლაპარაკებები სერბეთთან და მონტენეგროსთან“, – განაცხადა უნგრეთის სახელმწიფო მინისტრმა.
ტაკაჩის თქმით, აღნიშნულ საკითხზე უნგრეთის მოსაზრებას იზიარებენ „ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნები (უნგრეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი). თუმცა მისი თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს სურთ, ახალი წევრების მიღებამდე ჯერ „ბრექსითის“ პროცესი და მიგრაციული კრიზისი დაასრულონ.
სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უნგრეთის მთავრობა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ ამ რეგიონის ქვეყნები ასრულებენ საკვანძო როლს მიგრაციული მარშრუტების კონტროლში.
ტაკაჩის თქმით, ამჟამად მთავარი განსახილველი თემა კოსოვოსა და სერბეთს შორის ტერიტორიების შესაძლო გაცვლაა, რაც ძალიან სენსიტიური თემაა.
„ეს საკითხი მიანიშნებს იმაზე, რომ თუ დასავლეთბალკანური ქვეყნები მზად არიან, მიიღონ ასეთი სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მიაღწიონ წარმატებას მის განხორციელებაში, მაშინ მზად არიან, ევროკავშირში გაწევრიანებისთვისაც“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
როგორც ტაკაჩი აცხადებს, უნგრეთი მიისწრაფის, რომ მონტენეგრო და სერბეთი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები 2025 წლამდე გახდნენ.
„ევროპა იქნება ერთიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ერი ევროპული იდენტობით, კულტურითა და ტრადიციებით გახდება ევროკავშირის წევრი და უნგრეთის მთავრობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა საბოლჩ ტაკაჩმა.