კატალინ ნოვაკი აცხადებს, რომ უნგრეთს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირება სურს
უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი აცხადებს, რომ უნგრეთს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირება სურს. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრეზიდენტმა ბუქარესტში, რუმინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ენერგეტიკულ ვითარებაზე საუბრისას უნგრეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია და უფრო დაუცველია ვიდრე რუმინეთი, რადგან მას არ აქვს წვდომა ზღვაზე, ამიტომ, მომავალში ბუდაპეშტი ეცდება მიაღწიოს ენერგეტიკულ სუვერენიტეტს.
„ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ზრდის ენერგიის დივერსიფიკაციის შესაძლებლობას და რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებლობას. ამ მხრივ, ჩვენ ასევე გვაქვს რუმინეთის იმედი“, – განაცხადა ნოვაკმა.
როგორც მედია წერს, უნგრეთის პრეზიდენტის განცხადებების მიუხედავად, ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის ხელმძღვანელობის ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ ის პირიქით სულ უფრო მეტად ხდება რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული.