უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დემოგრაფიულ კრიზისში ლიბერალური დემოკრატია დაადანაშაულა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დემოგრაფიულ კრიზისში ლიბერალური დემოკრატია დაადანაშაულა.
მისი თქმით, ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკამ ძირი გამოუთხარა ტრადიციული ოჯახის ღირებულებებს და ვერ დაიცვა უნგრეთის საზღვრები არალეგალი მიგრანტებისგან.
„არსებობს ბევრი სხვადასხვანაირი ოჯახი, ბევრნაირი ცხოვრების წესი და ლიბერალური დემოკრატია ამბობს, რომ ჩვენ ეს არ უნდა გვიკვირდეს და არ უნდა განვასხვავოთ. ისინი ამის ჩაწერას კანონშიც ითხოვენ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის და მისი მთავრობა უახლოეს ხანში გამართავენ „ტრადიციულ ოჯახზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის“ პრეზენტაციას.
„ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკა გვიცავს მიგრაციისგან, იცავს ჩვენს საზღვრებს, მხარს უჭერს ოჯახის ტრადიციულ მოდელს, რომელიც ერთი კაცისა და ერთი ქალისგან შედგება და ბუნებრივია, იცავს ქრისტიანულ კულტურულ ღირებულებებსა და ტრადიციებს“, – განაცხადა ორბანმა.
ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრად აპრილში აირჩიეს. პირველი კანონი, რომლის მიღებაც ორბანის მთავრობას სურს, ითვალისწინებს გადასახადის გაზრდას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებიან. ამ კანონპროექტის გამო, სოროსის ფონდმა უნგრეთი დატოვა.