უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ვიქტორ ორბანის თქმით, როგორც კი ვაქცინირებულთა რაოდენობა 5 მილიონს მიაღწევს და ეს სავარაუდოდ კვირის ბოლოს მოხდება, ქვეყანაში შეზღუდვების უმრავლესობა მოიხსნება.
ორბანის თქმით, ქვეყანაში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ასევე, ღია ცის ქვეშ 500-მდე ადამიანის შეკრება ნებადართული იქნება. დახურულ სივრცეებში ღონისძიებებზე დასწრების უფლება ექნება ყველას, ვისაც ვაქცინაციის დამადასტურებული ცნობა ექნება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პანდემიის მესამე ტალღა დავამარცხეთ. დრო მოვიდა პირბადეებს დავემშვიდობოთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
„როიტერის“ ინფორმაციით, უნგრეთში მოსახლეობის 50 პროცენტს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, უნგრეთში „კოვიდ-19“- ის 800 368 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 29 380 ადამიანი.