უნგრეთის პრემიერ-მინისტრი - ბრიუსელში ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისევ თავისუფლებისთვის მებრძოლი ვარ
ბრიუსელში ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისევ თავისუფლებისთვის მებრძოლი ვარ, – ამის შესახებ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელი უარყოფს ბრალდებას, რომ დემოკრატიას ზიანს აყენებს და ამბობს, რომ შეეწინააღმდეგება მათ, ვისაც იმპერიის მსგავსი ევროკავშირის აშენება მისი ინსტიტუტების გარშემო და არა მისი წევრი ქვეყნების გარშემო სურთ.
„როდესაც ვინმე ამბობს, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს მხოლოდ ლიბერალური, ეს არის ჩაგვრა. მე უნდა ვებრძოლო მას ინტელექტუალური თავისუფლების სახელით. ბრიუსელში ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ისევ თავისუფლებისთვის მებრძოლი ვარ“, – თქვა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ასევე ეწინააღმდეგება მიგრანტების განთავსების შესახებ ბრიუსელის გეგმას და ამბობს, რომ მიგრაცია უნგრეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
„უნგრეთში ჩვენ ძალიან მკაცრები ვართ, რომ არ გვსურს გვქონდეს პარალელური საზოგადოება, ან ღია საზოგადოება ან შერეული კულტურა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მუსლიმური და ქრისტიანული საზოგადოების ნარევი შეიძლება იყოს მშვიდობიანი და ხალხის უსაფრთხოება და კარგი ცხოვრება უზრუნველყოს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის არმიის შექმნის იდეას ღიად დაუჭირა მხარი.