უნგრეთის პარლამენტთან პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
უნგრეთის ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად, გარეთ, მოედანზე 1500-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა, და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოლიტიკა გააკრიტიკა.
ახალარჩეულმა დეპუტატებმა ფიცი დადეს. უნგრეთის პრეზიდენტმა, იანოშ ადერმა კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კანონმდებლებს ვიქტორ ორბანის კანდიდატურა წარუდგინა.
სესიის გასაშუქებლად რამდენიმე ოპოზიციურ მედიასაშუალებას აკრედიტაცია არ მისცეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეუთო-მ გააკრიტიკა.
8 აპრილს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ორბანის პარტიამ, „ფიდესმა“ გაიმარჯვა და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.