უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ლიბანში აფეთქებული პეიჯერები უნგრეთში არასდროს ყოფილა
უნგრეთის მთავრობის განცხადებით, ლიბანში აფეთქებული პეიჯერები ქვეყანაში არასდროს ყოფილა. ამის შესახებ უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ავრცელებს ინფორმაციას.
პეიჯერის საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის მთავრობის პოზიციის შესახებ ზოლტან კოვაჩსმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ აღნიშნული კომპანია არის სავაჭრო შუამავალი, რომელსაც არ აქვს საწარმოო ან საოპერაციო ადგილი უნგრეთში. მას ჰყავს ერთი მენეჯერი დარეგისტრირებული თავის დეკლარირებულ მისამართზე და მითითებული მოწყობილობები არასოდეს ყოფილა უნგრეთში. შემდგომი გამოძიების დროს უნგრეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურები თანამშრომლობენ ყველა შესაბამის საერთაშორისო პარტნიორ უწყებასთან და ორგანიზაციასთან. უნგრეთისთვის ეს საქმე ეროვნული უსაფრთხოების რისკს არ წარმოადგენს“, – დაწერა უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა.
„ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა შექმნა ყალბი კომპანია ფეთქებადი პეიჯერების წარმოებისთვის, რომლებიც შემდეგ ლიბანში შეიტანეს. გამოცემა წერს, რომ, სულ მცირე, კიდევ ორი ყალბი კომპანია შეიქმნა იმ ადამიანების რეალური ვინაობის დასამალად, ვინც პეიჯერებს აწარმოებდა, აღნიშნული პირები კი ისრაელის დაზვერვის ოფიცრები იყვენენ. გამოცემის თანახმად, როგორც ჩანს, BAC Consulting-ი იყო უნგრული კომპანია, რომელსაც ჰქონდა კონტრაქტი მოწყობილობების წარმოებაზე ტაივანის კომპანიის, Gold Apollo-ს სახელით. ლიბანში მიწოდებულ პეიჯერებში იყო ბატარეები PETN ასაფეთქებელი ნივთიერებებით. ამავდროულად, BAC Consulting-ს ჰყავდა რიგითი კლიენტებიც, რომელთათვისაც ასაფეთქებელი ნივთიერებების გარეშე აწარმოებდა მოწყობილობებს.