უნგრეთის ევროპულ საკითხთა მინისტრის ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვა იგეგმება
უნგრეთის ევროპულ საკითხთა მინისტრის ინფორმაციით, 17-18 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხის განხილვა იგეგმება

ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოზე გერმანიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი წამოჭრა. ამის შესახებ ლუქსემბურგში საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უნგრეთის ევროპულ საკითხთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა.

„გერმანიამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი წამოჭრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა რეგიონის სტაბილურობასა და დემოკრატიული მისწრაფებებისადმი“, – განაცხადა ბოკამ.

ბოკას ცნობით, საქართველოს საკითხის განხილვა ასევე იგეგმება ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც 17-18 ოქტომბერს გაიმართება.

„ლიდერები ასევე განიხილავენ მთელ რიგ აქტუალურ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, რა დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს, მოლდოვას, ვენესუელას და სუდანს“, – განაცხადა იანოშ ბოკამ.