უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი - ქართველმა ხალხმა და მთავრობამ ბევრი გააკეთეს სტატუსისთვის საჭირო პირობების შესასრულებლად, მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას
ქართველმა ხალხმა და საქართველოს მთავრობამ ბევრი გააკეთეს კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო პირობების შესასრულებლად და მივესალმებით, რომ კომისიამ ეს რეკომენდაცია გასცა, – ამის შესახებ უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება მან ბრიუსელში მინისტერიალის დაწყების წინ გააკეთა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის სამიტისთვის მზადებაზე მსჯელობენ.
„ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია“, – განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა.
ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საუბრისას უნგრელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ამჟამად არის გაფართოების ორი პროცესი – ერთი დასავლეთ ბალკანეთს მოიცავს, მეორე კი აღმოსავლეთ სამეზობლოს.
„ჩვენ დავპირდით დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროპულ პერსპექტივას 20 წლის წინ. ვფიქრობთ, რომ გაფართოების პროცესი დასავლეთ ბალკანეთში უნდა დაჩქარდეს. რაც შეეხება აღმოსავლეთ ფრონტის გაფართოებას, ის ყურადღებით განხილვას საჭიროებს. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა იანოშ ბოკამ.