უნგრეთის ელჩი - უნგრეთი მზად არის, პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს, განსაკუთრებით ამ რთულ დროს, როგორ შეგვიძლია, ვიპოვოთ იმპორტისა და ექსპორტის ახალი შესაძლებლობები
უნგრეთი მზად არის, პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს, განსაკუთრებით ამ რთულ დროს, როგორ შეგვიძლია, ვიპოვოთ იმპორტისა და ექსპორტის ახალი შესაძლებლობები, – განაცხადა საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში სახელწოდებით – „ახალ სავაჭრო პარტნიორებთან თანამშრომლობის პერსპექტივები არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე“.
ელჩმა ჟურნალისტებთან ბაზრის დივერსიფიკაციის მიმართულებით საქართველოს პერსპექტივებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„დღეს გვქონდა საკმაოდ საინტერესო საუბარი, განხილვები, რომლებიც ორგანიზებული იყო ევროკავშირის და საქართველოს ვაჭრობის პალატის მიერ. უნგრეთი მზად არის, პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს, განსაკუთრებით ამ რთულ დროს, სად და როგორ შეგვიძლია, ვიპოვოთ იმპორტისა და ექსპორტის ახალი შესაძლებლობები. ყველა პროდუქტი, რაც გვაქვს გასაყიდად, არის საქართველოს მოხმარებისთვის და მოხარულები ვართ, რომ გვაქვს ქართული პროდუქციის მიღების შესაძლებლობა, რომლებიც ჩვენს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. ჩვენ განვიხილეთ, რა გვჭირდება ყველაზე მეტად, ეს არის მშვიდობა, რათა შევძლოთ ვაჭრობა, რადგან ვაჭრობა მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს. ამ რთულ დროს ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება და როგორც ვთქვი, მცირედით ხუმრობით, მაგრამ საკმაოდ სერიოზულად, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპაში მეტი ქართული ღვინო დავლიოთ. ასე რომ, მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ საკითხში“, – განაცხადა უნგრეთის ელჩმა.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ საქართველოს მთავრობისგან შეუერთდება სანქციებს, ელჩმა აღნიშნა: „ეს არ არის ჩვენი მოვალეობა, განვიხილოთ, რა არის სწორი და რა მცდარი; ან რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს მთავრობამ. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მეგობრების გვერდით და რა გზასაც არ აირჩევს საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ პარტნიორობას გაგიწევთ და დაგეხმარებით“.
ანა მარია შიკომ ისაუბრა საქართველოს პერსპექტივებთან დაკავშირებით ევროკავშირში.
„ჩვენ დაგვჭირდა 12-14 წელი ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ მნიშვნელოვანია მომზადება გასაწევრიანებლად, რადგან ბევრი პრიორიტეტი და კრიტერიუმი, რომლებიც უნდა შესრულდეს, მნიშვნელოვანია თავად ქვეყნისთვის. უნგრეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მისწრაფებებს, ახლაც მხარს ვუჭერთ და მომავალშიც დავუჭერთ მხარს, მოხდება ეს ადრე თუ გვიან, მაგრამ დამიჯერეთ, მომზადება მნიშვნელოვანია და ეს ყოველდღიურად უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა უნგრეთის ელჩმა.