უნგრეთის ელჩი - პრემიერ ღარიბაშვილს კონსერვატიული კონფერენციის ორგანიზატორებმა გაუგზავნეს მიწვევა, რადგან ესაა პოლიტიკური შეხედულებების ფართო პლატფორმა, ეხება ღირებულებებს, რომლებსაც ვიზიარებთ
უნგრეთის ელჩი - პრემიერ ღარიბაშვილს კონსერვატიული კონფერენციის ორგანიზატორებმა გაუგზავნეს მიწვევა, რადგან ესაა პოლიტიკური შეხედულებების ფართო პლატფორმა, ეხება ღირებულებებს, რომლებსაც ვიზიარებთ

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ორგანიზატორებმა გაუგზავნეს მიწვევა, რადგან ეს არის პოლიტიკური შეხედულებების ფართო პლატფორმა, რომელიც ეხება ღირებულებებს, რომლებსაც ვიზიარებთ, – ამის შესახებ საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ანა მარია შიკომ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს იმის თაობაზე, რომ „ვიქტორ ორბანმა ირაკლი ღარიბაშვილი მიიწვია კონსერვატიული პლატფორმის კონფერენციაზე, რომელიც მაისში იმართება“.

ელჩის შეფასებით, საქართველო ასევე იზიარებს ქრისტიანობის ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახისა და კავშირების ღირებულებებს, ეს არის ის, რაც ასევე განიხილული იქნება კონსერვატიული პლატფომის ფარგლებში.

„როდესაც გაქვთ სუფრა, თქვენ ეპატიჟებით ბევრ ხალხს, არ არის აუცილებელი, მიიწვიო მხოლოდ ისინი, ვინც ეთანხმება ყველაფერს, რასაც ფიქრობთ. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიწვევა ორგანიზატორებმა გაუგზავნეს, რადგან ეს არის პოლიტიკური შეხედულებების ფართო პლატფორმა, რომელიც ეხება იმ ღირებულებებს, რომლებსაც ვიზიარებთ. ვფიქრობ, საქართველო ასევე იზიარებს ქრისტიანობის ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახისა და კავშირების ღირებულებებს. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ასევე განიხილული იქნება კონსერვატიული პლატფორმის ფარგლებში. ყოველთვის არის მსგავსებები და განსხვავებები. ისევე, როგორც საქართველოს კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, შეხედეთ იმას, რაც იქ არის და არა იმას, რაც იქ არ არის. ნუ ფიქრობთ, რომ ჭიქა ნახევრად ცარიელია, იფიქრეთ, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. ვფიქრობ, რომ ეს არის გზა, როდესაც კავშირი შეიძლება ყოველთვის იყოს პოზიტიური“, – განაცხადა ანა მარია შიკომ.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. „ერთად ვდგავართ“ – ასეთია მიმდინარე წელს უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა კონფერენციის სლოგანი. ორგანიზატორების ცნობით, კონფერენციაზე სპიკერად მიწვეულია საქართველოს პრემიერი-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა, ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, ამერიკელი კონგრესმენი ბერი მური და სხვები. ამერიკული კონსერვატიული კავშირის მიერ ორგანიზებული კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია 1970-იანი წლებიდან იმართება. უნგრეთის დედაქალაქი აღნიშნულ ღონისძიებას შარშანაც მასპინძლობდა. გასული წლის კონფერენცია კონცენტრირებული იყო ღირებულებებზე „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“.