UNDP ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობასთან ერთად საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარებისთვის 5,5 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობასთან ერთად 5,5 მილიონ აშშ დოლარს საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარებისთვის გამოყოფს. ახალი ინიციატივა დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის განხორციელებას, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მხარს უჭერს.
ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა. ახალი ინიციატივის წარდგენას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამასთან, ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი მომსახურების მიმართ საქართველოს მოქალაქეთა დამოკიდებულებაა შეჯამებული.
კვლევის შედეგების მიხედვით, გასული ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებისათვის საქართველოს ექვსი მოქალაქიდან მხოლოდ ერთს მიუმართავს. კვლევაში დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის წარმატების წინაპირობად მოქალაქეთა ჩართულობა და ხარისხიანი საზოგადოებრივი მომსახურება სახელდება.
კვლევა ქართულმა კვლევითმა ორგანიზაციამ ეისითი-მ გაერო-ს განვითარების პროგრამის, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ოფისის და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაკვეთით ჩაატარა.
გაერო-ს განვითარების პროგრამა ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში რეგიონულ და ადგილობრივ განვითარებას ხელს 2012 წლიდან უწყობს. „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – მეორე ფაზა“ 2018-2021 წლებში განხორციელდება.