უმსხვილესი ჩინური კორპორაცია ZPMC ანაკლიის პორტის მშენებლობაში ერთვება.
ჩინურ კომპანიასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ZPMC „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ უერთდება და კონსორციუმის გრძელვადიანი პარტნიორი ხდება.
შეთანხმების მიხედვით, უმსხვილესი ჩინური კომპანია პორტის მშენებლობაში მინიმუმ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და, დამატებით, ჩინურ საფინანსო ინსტიტუტებს მომავალი ინვესტიციებისთვის მოიზიდავს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის ZPMC-ი ასევე უზრუნველყოფს უახლესი, თანამედროვე სტანდარტების საკონტეინერო ამწეებისა და საკონტეინერო ტერმინალის მართვისთვის საჭირო სხვა ტექნიკის მიწოდებას.
ჩინეთის მთავრობის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფარგლებში, ZPMC-ი ასევე ჩინური ლოგისტიკური კომპანიების ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში მოზიდვას უზრუნველყოფს.
ანალიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გრძელვადიან პარტნიორობასთან ერთად, ZPMC-ი ასევე აპირებს კონსორციუმის მიერ გამოცხადებულ სამშენებლო ტენდერებში მონაწილეობა მიიღოს და, გამარჯვების შემთხვევაში, პორტის სამშენებლო სამუშოების ნაწილი განახორციელოს.
„ZPMC-ის შემოსვლა ანაკლიის პროექტში უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია – საუკუნის პროექტის განხორციელებაში მსხვილ ამერიკულ ინვესტორებთან ერთად მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა ერთვება – ჩინური კორპორაციის სახით. საქართველო იქნება ZPMC-ის პორტფელში მეასე ქვეყანა, სადაც ის ოპერირებს. ეს არის პირველი წინარე ხელშეკრულება, რომელიც ჩინურ კორპორაციასთან გავაფორმეთ და მას აუცილებლად მოჰყვება სხვა ჩინურ კომპანიებთან შეთანხმებებიც – მათთან მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
ZPMC-ი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც რთული პირობებისთვის განკუთვნილ და მძიმე ტექნიკას აწარმოებს, მათ შორისაა დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკა, საზღვაო და სხვა ტიპის მძიმე ტექნიკა. კომპანია ასევე მოწინავეა მსოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზღვაო ტექნიკის მაღალი სტანდარტებით წარმოებაში.
კომპანიის მფლობელობაშია 60,000 დან 100,000 ტონის სიმძლავრის 26 გემი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან. ZPMC-ის ცენტრალური ოფისი შანხაიში მდებარეობს და კომპანია შანხაის საფონდო ბირჟაზე კვოტირებს.