უმაღლესი საბჭო დღეს თორნიკე რიჟვაძესა და აჭარის მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენს
უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისთვის რიგგარეშე სესიას 20 ან 21 ივლისს ჩანიშნავს, მანამდე კი დღეს კანდიდატებს მოუსმენენ. უმაღლესი საბჭოს კომიტეტებს საკუთარ ხედვას გააცნობს თავმჯდომარეობის კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე და ასევე ავტონომიური რესპუბლიკის ოთხივე მინისტრობის კანდიდატი. თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მინისტრთა კაბინეტში პოსტები ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს შეუნარჩუნა. მთავრობაში ახალი სახეები სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა მინისტრები იქნებიან.
უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებები მათთან შეთანხმებულია, ისინი ასევე ძირითადად იცნობენ რიჟვაძის ხედვებს, მაგრამ შეკითხვები რეგიონის ცალკეულ გამოწვევებთან დაკავშირებით მაინც გააჩნიათ. შედარებით მწვავე შეკითხვებს ამზადებს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის გია აბულაძის განცხადებით, პრობლემები რეგიონში არ გვარდება, შესაბამისად, შეკითხვების შინაარსიც მთავრობასთან მიმართებაში რამდენიმე წელია არ შეცვლილა და იგივე შინაარსის იქნება, რაც ორი წლის წინ, ზურაბ პატარაძის მისამართით ჰქონდათ.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ უმაღლესი საბჭოს ბიურო მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად რიგგარეშე სესიის ზუსტ თარიღს გამოაცხადებს.