პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დავალებით, უმაღლესი დონის თურქული დელეგაცია ლიბიას ეწვია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს ხელმძღვანელობით არსებულ დელეგაციაში შედიან თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, გენერალური შტაბის უფროსი იაშარ გიულერი, ეროვნული დაზვერვის სამსახურის უფროსი ჰულუსი აქარი, კომუნიკაციების დირექტორი ფაჰრეთინ ალთუნი და პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ ქალინი.
ერთდღიანი ვიზიტისას თურქული დელეგაცია შეხვდა ლიბიის უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ხალიდ ალ-მიშრის, საპრეზიდენტო საბჭოს პრეზიდენტ მოჰამედ ალ-მანფის და დროებით პრემიერ-მინისტრ აბდულჰამიდ დბეიბეს.
თურქეთის საპრეზიდენტო კომუნიკაციების დირექტორ ფაჰრეთინ ალთუნს ცალკეული შეხვედრა ჰქონდა ლიბიის კომუნიკაციებისა და პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ამარ ალ-ლაფისთან.
„ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გვქონდა ლიბიის ერთიანობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საკითხებზე. თურქეთი კვლავ განაგრძობს ამ რეგიონში ყოფნას გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ალთუნმა.
ვიზიტი ბრიუსელში გასამართ ნატო-ს სამიტამდე განხორციელდა.
ლიბია ამჟამად ორ დაპირისპირებულ მხარედ არის გაყოფილი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილს დედაქალაქ ტრიპოლიში არსებული „ეროვნული თანხმობის მთავრობა“ აკონტროლებს, რომელსაც გაერო აღიარებს. აღმოსავლეთი ნაწილი კი მეამბოხე გენერალ ხალიფა ჰაფთარის „ლიბიის ეროვნული არმიის“ კონტროლქვეშაა. ამ ორ მხარეს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ოფიციალური ანკარა „ეროვნული თანხმობის მთავრობას“ უცხადებს მხარდაჭერას.