უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირისთვის პენსიის დანიშვნის წესის ცვლილება იგეგმება
უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირისთვის პენსიის დანიშვნის წესის ცვლილება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება, პროექტის ინიციატორი მთავრობაა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის დიპლომატიურ სამსახურში მის მიერ დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედს.
დღეს მოქმედი კანონით, კომპენსაცია ოდენობა შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისთვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს.
„მოქმედი რედაქციის ხარვეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ კომპენსაციის გაანგარიშება ხდება პირის მიერ ბოლოს დაკავებული თანამდებობის ბოლო ერთი წლის ხელფასის მიხედვით, რაც ზოგჯერ უკავშირდება 15-20 წლის წინანდელ, ძალიან დაბალ თანამდებობრივ სარგოებს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ვინც, მაგალითად, 15- 20 წლის წინ დაასრულა დიპლომატიური კარიერა და ვინც 5-10 წლის წინ გავიდა პენსიაზე“, – განმარტავს მთავრობა.