ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთავრობის ნდობის საკითხის პარლამენტში კენჭისყრაზე დაყენებას დაუყოვნებლივ ითხოვს
ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთავრობის ნდობის საკითხის პარლამენტში კენჭისყრაზე დაყენებას დაუყოვნებლივ ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელის ვაიდელმა განაცხადა. ელის ვაიდელის თქმით, მისი პარტია ბუნდესტაგს მიმართავს, რომ მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართოს.
„ნდობის საკითხის პარლამენტის დღის წესრიგში მხოლოდ 15 იანვარს დაყენება უპასუხისმგებლობა. თქვენ ვერ გააგრძელებთ საქმიანობას მთავრობით, რომელიც აღარავის უნდა. კანცლერმა შოლცმა, დიდი ხანია, გერმანელი ხალხის ნდობა დაკარგა. მან დაუყოვნებლივ უნდა გაუთავისუფლოს გზა ახალ არჩევნებსა და ნდობის საკითხზე კენჭისყრას“, – განაცხადა ვაიდელმა.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენლის თქმით, შოლცის კოალიციურმა მთავრობამ ისევე უღირსად დაასრულა არსებობა, როგორ უღირსადაც მართავდა ქვეყანას. მან ასევე გააკრიტიკა ოლაფ შოლცის დამოკიდებულება ფინანსთა ყოფილი მინისტრისადმი.
„ყოფილ კოალიციურ პარტნიორებს ასე არ ექცევიან, ერთმანეთის დადანაშაულებით“, – აღნიშნა პარტიის წევრმა.
არსებული ინფორმაციით, გერმანიის ძირითადი პოლიტიკური პარტიები უარს ამბობენ ულტრამემარჯვენე პარტიასთან, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კოალიციის შექმნაზე. თუმცა ვაიდელი მემარჯვენე ძალებს აღნიშნული პოზიციის გადახედვისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი და ასევე პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დაწერეს იუსტიციისა და განათლების მინისტრებმა, გერმანიაში სამი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიცია ფაქტობრივად დაიშალა. გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მთავრობისადმი ნდობის ხელახლა გამოცხადების საკითხს ბუნდესტაგში იანვარში დააყენებს, თუმცა ჯერ უცნობია, რა პოზიციას დაიკავებს ამ საკითხზე ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“.