ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ოლაფ შოლცის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს
ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„ამომრჩევლებს ასევე სურთ ახალი ფედერალური არჩევნების გამართვა. ჩვენ ამისთვის ვემზადებით“, – განაცხადა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანათავმჯდომარემ, ალისა ვაიდელმა.
მისივე თქმით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უნდა გააცნობიეროს სამხარეო არჩევნების შედეგები და გადადგეს.
ვაიდელის განცხადებით, ამომრჩევლებს სურთ, რომ გერმანიაში სხვა მთავრობა ჰყავდეს.
ვაიდელი აფრთხილებს მთავრობას, არ მოახდინოს თიურინგიასა და საქსონიაში გამართული სამხარეო არჩევნების შედეგების იგნორირება.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თიურინგიასა და საქსონიაში გამართული არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ გამოვიდა მოწოდებით, რომ ამ რეგიონებში „შეიქმნას სტაბილური მთავრობა, რომელშიც მემარჯვენე ექსტრემისტები არ იქნებიან“.
შეგახსენებთ, თიურინგიაში გამართული სამხარეო არჩევნების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 32.8%-ი მიიღო, მეორე ადგილზე გავიდა ასევე ოპოზიციური პარტია „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“. საქსონიაში პირველ ადგილზე არის „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ 31,9%-ით, ხოლო მეორეა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 30,6%-ით.