დიდი ალბათობით, გერმანიის შემდეგი კოალიციური მთავრობა შემდგარი იქნება დღეს აქ წარმოდგენილი ოთხი პარტიისგან. უფრო კონკრეტულად, ორი ან სამი მათგანისგან. თითქმის არ არსებობს შანსი, რომ ერთმა პარტიამ მიიღოს უმრავლესობა. მემარჯვენე პარტია არის იზოლირებული და ის არ იქნება კოალიციაში, თუნდაც რეგიონულ დონზე, ხოლო მემარცხენე პარტია ძალიან მარგინალიზებულია ფედერალურ დონეზე, – ამის შესახებ ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა გერმანიის საელჩოში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნილს შმიდს კითხვა დაუსვეს: „გერმანიაში ბოლოს გამართულ ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებელი წარმატება მოიპოვეს ულტრამემარჯვენეებმა, მათი პარტიის წარმომადგენელი დღეს თქვენთან ერთად არ არის. რამდენად ძლიერია თქვენი განცხადებები იმ პოლიტიკური ორგანიზაციის გარეშე, რომელსაც ამომრჩევლის უმრავლესობა უჭერს მხარს?“
შმიდის თქმით, გერმანიის პარლამენტში არიან როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ძალები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას მისდევენ.
„ჩვენ გვაქვს დიდი უმრავლესობა ბუნდესტაგში. დაახლოებით 80 პროცენტი. ჩვენ გვაქვს დიდი კონსენსუსი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის მხარდაჭერა, რაც მოიცავს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ეს ასევე ეხება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს და საქართველოს შესაძლო გაწევრიანებას. გერმანიაში, პარლამენტში არიან როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ძალები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას მისდევენ და უფრო მეტად არიან დაახლოებული რუსეთთან. მაგალითისთვის, მათ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ნატო-ში ინტეგრაცია, ამიტომ საქმე როდესაც ეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციას ვახდენთ ამ საკითხებისა და ქმედებების გარშემო. შემდეგ არჩევნებზე, ერთი წლის შემდეგ ჩვენ დავინახავთ იმავე შედეგებს, რადგან რეგიონული არჩევნების შედეგს ვერ გადაიტან ფედერალურ დონეზე. დიდი ალბათობით, გერმანიის შემდეგი კოალიციური მთავრობა შემდგარი იქნება დღეს აქ წარმოდგენილი ოთხი პარტიისგან. უფრო კონკრეტულად, ორი ან სამი მათგანისგან. თითქმის არ არსებობს შანსი, რომ ერთმა პარტიამ მიიღოს უმრავლესობა. მემარჯვენე პარტია არის იზოლირებული და ის არ იქნება კოალიციაში, თუნდაც რეგიონულ დონზე, ხოლო მემარცხენე პარტია ძალიან მარგინალიზებულია ფედერალურ დონეზე. ვიცით, რომ არსებობს ექსტრემისტული პარტიების აღმასვლა ქვეყნის აღმოსავლეთში, მაგრამ ეს არ ასახავს ბუნდესტაგის შემადგენლობას. ასე რომ, უნდა ელოდოთ, რომ გერმანიის საგარეო პოლიტიკა ძალიან მყარ კურსს გაჰყვება, ვგულისხმობ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ნატო-ში ინტეგრაცია, უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა ნილს შმიდმა.
ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენლის, იურგენ ჰარდტის მოსაზრებით, საქსონიაშიც და თიურინგიაშიც პრემიერ-მინისტრი გახდება მისი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი და „არა ვინმე მემარჯვენე ან მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი“.
„მინდა, დავამატო საქსონიაში და თურინგიაში გამართული არჩევნების საკითხზე. ჩემი აზრით, ამ რეგიონების ამომრჩევლებს ყველაზე მეტად ეშინიათ ძალადობის, რომელიც მოდის ლტოლვილებისგან. ნახეთ, რომ ტერორისტებმა სირიიდან მოკლეს სამი და დაჭრეს რვა ადამიანი. ეს ქართულმა მედიამაც გააშუქა. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ მიიღო პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ასეთი დიდი მხარდაჭერა. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, როგორც ჩანს, საქსონიაშიც და თიურინგიაშიც, ამ მხარეების პრემიერ-მინისტრი გახდება ჩემი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი და არა ვინმე მემარჯვენე ან მემარცხენე პარტიის წარმომადგენელი“, – განაცხადა იურგენ ჰარდტმა.
ამასთან, საელჩოში პრესკონფერენციაზე თავისუფალი დემოკრატიული პარტის წარმომადგენელს, ულრიხ ლეხტეს კითხვა დაუსვეს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის მიმდინარე წლის 14 მაისს საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის უახლოესი მოკავშირეა? კარგი, სცადეთ“.
ულრიხ ლეხტეს თქმით, როთი ებრძვის იმას, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ის არ ებრძვის საქართველოს.
„თქვენ იკითხეთ მიხაელ როთის შესახებ. ის ახლა ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარეა. სწორედ ეს არის ბუნდენსტაგის დემოკრატიული პროცესი. ჩვენ გვაქვს 23 კომიტეტი და თანამდებობები ნაწილდება პარტიების მიერ არჩევნებზე მიღებული ხმების პროპორციულად. მაგალითისთვის, ჩემი პარტიის წარმომადგენელი არის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე. მიხაილ როთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოების პროცესში, ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და კურირებდა ევროპის საქმეებს. სწორედ ის მოგზაურობდა ევროპის აღმოსავლეთში და ყოველთვის წარმოადგენდა აღმოსავლთში მდებარე სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა ძლიერ ხმას. ის ასევე წარმოადგენს ძლიერ ხმას, როდესაც საქმე ეხება უმცირესობების უსაფრთხოების მნიშვნელობას ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, ის ეწინააღმდეგება ზოგიერთ კანონს, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს თქვენს პარლამენტში. ებრძვის იმას, რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, მაგრამ ის არ ებრძვის საქართველოს. ის არის ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან, ვისაც სურს თქვენი ხილვა ევროკავშირში, მხარს უჭერს ინტეგრაციას და ევროპას, რომელიც იქნება მშვიდობიანი, თავისუფალი. ამიტომ არ არის კარგი, მუდმივად დაინახო ადამიანში ცუდი, უნდა დაინახო დადებითიც და ეს დადებითი ასევე იქნება მნიშვნელოვანი საქართველოსთვისაც“, – განაცხადა ულრიხ ლეხტემ.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერების დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დებორა დიურინგმა (კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტმა (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტემ (თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდმა (სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD).