ულრიკ თიდესტრომი - შეშფოთებული ვართ „ხალხის ძალის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, საქართველო არ მიიღებს ამ ტიპის კანონს
შეშფოთებული ვართ „ხალხის ძალის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ღირებულებებთან, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან, ჯერ კიდევ არის დრო, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ულრიკ თიდესტრომმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ საქართველო თავისი ენერგიისა და ძალისხმევის ფოკუსირებას მოახდენს იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც შესაბამისობაშია 12 პუნქტთან.
„ყველამ ნახეთ შეთანხმებული გზავნილი საქართველოს უახლოესი საერთაშორისო მეგობრების – პარტნიორების, ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერო-ს და სხვების მხრიდან. შეშფოთებული ვართ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა და უკვე განვაცხადეთ კიდეც, რომ ამ სახის კანონი შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან. ჯერ კიდევ არის დრო. ვიმედოვნებთ, საქართველო არ მიიღებს ამ ტიპის კანონს. ვიმედოვნებ, რომ საქართველო თავისი ენერგიისა და ძალისხმევის ფოკუსირებას მოახდენს იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც შესაბამისობაშია 12 პუნქტთან, რომელიც, თავის მხრივ, შესაბამისობაშია გაცხადებულ მიზნებთან, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა და ეს არის განგრძობადი ევროპული ინტეგრაციის მიზანი“, – განაცხადა შვედეთის ელჩმა.