ულრიკ ჰააგერუპი - იშვიათია, როდესაც მედიაკომპანია მტკიცედ გადაწყვეტს, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა მისი სტრატეგიის ნაწილი გახდეს, საზოგადოებრივი სამსახური გაცილებით მეტია და პირველს არხს ეს გაცნობიერებული აქვს
ულრიკ ჰააგერუპი - იშვიათია, როდესაც მედიაკომპანია მტკიცედ გადაწყვეტს, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა მისი სტრატეგიის ნაწილი გახდეს, საზოგადოებრივი სამსახური გაცილებით მეტია და პირველს არხს ეს გაცნობიერებული აქვს

კონსტრუქციული ჟურნალისტიკის დანიშნულებაა საზოგადოების გაერთიანება. ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ მაყურებლებს მდგრადი და სანდო ჟურნალისტიკა, მოვყვეთ ისტორიები, რათა დავეხმაროთ დემოკრატიას, – ამის შესახებ დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ულრიკ ჰააგერუპმა განაცხადა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით საქართველოს სტუმრობს და მართავს კონფერენციას „კონსტრუქციული ახალი ამბები“.

ჰააგერუპის თქმით, დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის, არამედ ზოგადად, საჯარო სამსახურებისთვის და დემოკრატიისთვის.

„უპირველესად, მინდა ვთქვა: მრცხვენია, რომ ძალიან ცოტა ევროპელმა იცის საქართველოს შესახებ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო უფრო შორსაა, ვიდრე ის ქვეყნები, რომლებსაც ვიცნობთ. ჩვენ არ ვიცით, რამდენად კარგად არის განვითარებული საქართველო და როგორი ლამაზია, როგორი კეთილი ხალხი ცხოვრობს. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის, არამედ ზოგადად, საჯარო სამსახურებისთვის და დემოკრატიისთვის.

ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც მედიაკომპანია იღებს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ კონსტრუქციული ჟურნალისტიკა მისი სტრატეგიის ნაწილი გახდეს. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა არის საშუალება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ მაყურებლებს აზრიანი, მდგრადი და სანდო ჟურნალისტიკა, მოვყვეთ ისტორიები, რათა დავეხმაროთ დემოკრატიას. ბევრი მედიაკომპანია მსოფლიოში ჟურნალისტიკას იყენებს მხოლოდ პროდუქტად ან იარაღად პოლიტიკურ ბრძოლაში საკუთარი მიზნებისთვის. საზოგადოებრივი სამსახური გაცილებით მეტია და თქვენ ეს გააცნობიერეთ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკა კი ცდილობს, შემოგთავაზოთ ინსტრუმენტები ამ ამოცანის შესასრულებლად. მისი დანიშნულებაა საზოგადოების გაერთიანება.

საქართველო ლამაზი და განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ, ამასთან ერთად, პოლიტიკური სისტემა ძალზე პოლარიზებულია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ არ არის დაპირისპირება მემარცხენეებსა და მემარჯვენეებს შორის, აქ არის პირადი პოლიტიკური ბრძოლა პერსონებს შორის და არა იდეოლოგიებს შორის. ეს ძალიან სახიფათოა, ვინმე თუ არ შეეცდება საზოგადოებაში ხიდების გადებას. ვინმე უნდა იყოს რეალურად მიუკერძოებელი, ნეიტრალური და შეეცადოს დიალოგის ფასილიტაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, ეს ქვეყანა გახდეს უკეთესი. მე ვხედავ, რომ თქვენ გსურთ ამის გაკეთება და დარწმუნებული ვარ, წარმატებას მიაღწევთ“, – განაცხადა ულრიკ ჰააგერუპმა.

დანიის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებლის, ულრიკ ჰააგერუპის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში კონფერენცია „კონსტრუქციული ახალი ამბები“ სასტუმრო „რადისონში“ მიმდინარეობს.

ვიზიტის პირველ დღეს, ულრიკ ჰააგერუპმა პირველი არხის პროდიუსერების, რედაქტორებისა და ჟურნალისტებისთვის ვორქშოპი ჩაატარა, რომელიც მოიცავდა როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული ცოდნის გაზიარებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიდან 11-მა უკვე გაიარა გადამზადების კურსი დანიის კონსტრუქციული ახალი ამბების ინსტიტუტში. უახლოეს მომავალში კიდევ ოთხი მიემგზავრება, წლის ბოლომდე კი პირველი არხის 18 ჟურნალისტი იქნება კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მიმართულებით გადამზადებული.