უკვე ოფიციალურად - ქართველი კიბერფეხბურთელები EA SPORTS FIFA-ზე ითამაშებენ #1TVSPORT
ამიერიდან კიბერ ფეხბურთის ქართველი მოთამაშეები (ფლეიერები) ოფიციალურად შეძლებენ მონაწილეობის მიღებას EA SPORTS FIFA-ს საკვალიფიკაციო ეტაპებზე, – ინფორმაციას საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ აქამდე ქართველ მოთამაშეებს საცხოვრებელ ადგილად სხვა ქვეყნის მითითება უწევდათ, რაც შემდგომ დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული. ცნობაში მითითებულია, რომ სიახლე განვითარებაში ხელისშემწყობი ფაქტორი გახდება.
„ისტორიაში პირველი ქართველი მოთამაშე (ფლეიერი), ვინც ფიფა-ს ოფიციალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობა მიიღო, ნიკა ასათაშვილია. მან 2019 წლის დეკემბერში ფიფა 20-ის FUT CHAMPIONS CUP Stage 3-ის საკვალიფიკაციოზე ითამაშა. ამის შემდეგ სხვადასხვა საკვალიფიკაციოზე საქართველოდან ჯამში სამი მოთამაშე (ფლეიერი) მონაწილეობდა: ლადო ონიანი, გიორგი გოგოლი და ნიკა ასათაშვილი. ეს მოვლენა ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ფიფა-ს განვითარებას საქართველოში“, – წერია საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაცია საქართველოს ეროვნული ლიგის, თასისა და სუპერთასის გათამაშებას ატარებს, რომლის გამარჯვებულებიც საერთაშორისო შეჯიბრებებზე მიემგზავრებიან და ამას გარდა, ეროვნულ ნაკრებსაც აკომპლექტებენ.