უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გამოავლინეს რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები შედიოდნენ
უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გამოავლინეს რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელშიც უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები შედიოდნენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინულ სპეცსამსახურებში რუსეთის ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, უკრაინაში მოქმედ „ფეესბეს“ ჯაშუშურ ქსელში შედიოდნენ უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირები.

სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ხუთი ადამიანია დაკავებული. დაკავებულებს შორის არიან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს და უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამდებობის პირები, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული სამმართველოს ერთი თანამშრომელი.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქმის ფიგურანტებს კავშირი ჰქონდათ ერთსა და იმავე კურატორთან, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომელთან, რომელიც ამჟამად ოკუპირებულ ყირიმში იმყოფება. გამოვლენილი ჯაშუშური ქსელის ამოცანა იყო აგრესორი სახელმწიფოსთვის უკრაინის თავდაცვის ძალებისა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტების შესახებ სადაზვერვო მონაცემების გადაცემა.

გამოძიების ინფორმაციით, რუსული სპეცსამსახურები ჯგუფის მონაწილეებს სხვადასხვა მეთოდით იბირებდნენ, მათ შორის მათი ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით. გარდა ამისა, თითოეული შესრულებული დავალებისთვის ისინი ანაზღაურებას იღებდნენ.

ხუთივე დაკავებულს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.