უკრაინული პარტია „ხმის“ ლიდერი - მხოლოდ პრეზიდენტის შეცვლა საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა შევცვალოთ რადა
უკრაინული პარტია „ხმის“ ლიდერი - მხოლოდ პრეზიდენტის შეცვლა საკმარისი არ არის, ჩვენ უნდა შევცვალოთ რადა

უკრაინული პარტია „ხმის“ ლიდერი, მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკი აცხადებს, რომ ხმა ცვლილებებს, მომავალსა და ახალ პოლიტიკას მისცა. ამის შესახებ ვაკარჩუკმა საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება მომავალ კოალიციას, სვიატოსლავ ვაკარჩუკის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა თავად კოალიცია, არამედ კოალიციური შეთანხმება.

მისი თქმით, კოალიციურ შეთანხმებაში გაწერილ პუნქტებზე იქნება დამოკიდებული მომავალი გაერთიანება და ამის საფუძვლად მოხდება მთავრობის ფორმირება.

„ჩვენ ცვლილებები გვჭირდება. თუმცა მხოლოდ პრეზიდენტის შეცვლა საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა შევცვალოთ რადა, რომ მივიღოთ რეალური ცვლილებები, რადგან რადა არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ხდება“, – განაცხადა მუსიკოსმა.

პარტია „ხმის“ ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი იქნება და მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

მუსიკოსმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ მისი პარტიის რადაში მოხვედრის შემდეგ, ის დეპუტატის მანდატს ჩააბარებს. „ყველა ეს ჭორი ბოდვაა“, – აღნიშნა ვაკარჩუკმა.

შეგახსენებთ, სვიატოსლავ ვაკარჩუკი რადაში 2007 წლის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხვდა, თუმცა 2008 წელს დეპუტატის უფლებამოსილებაზე თავად განაცხადა უარი.

უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.

წინასწარი პროგნოზით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. ფავორიტი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურია“, მეორე ადგილზე კი არის ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც ამომრჩეველთა 12 პროცენტი უჭერს მხარს. რადაში ასევე მოხვდებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და როკმუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის „ხმა“.

რადას ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგი საღამოს გახდება ცნობილი. ეგზიტპოლების შედეგები 21 ივლისს, საღამოს გამოქვეყნდება.

მეცხრე მოწვევის რადას პირველის სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.

უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტოს არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.