უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, რივნეს ოლქზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, რივნეს ოლქზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამხედრო უპილოტო აპარატებით თავდასხმის დროს განადგურებულია ნავთობბაზა.
გავრცელებული ცნობით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 10 აგვისტოს ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინას კურსკის ოლქიდან ირანული უპილოტო თვითმფრინავებით შეუტიეს. თავდასხმა ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გასულ ღამეს უკრაინაში საჰაერო განგაში ათ რეგიონში გამოცხადდა.
არსებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავი ჩამოგდეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეზე რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, ცხრა კი დაშავებულია. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში ექვსი მიმართულებით სცადეს შეტევა. საერთო ჯამში, ფრონტის ხაზზე დაფიქსირდა 30-მდე საბრძოლო შეტაკება.