უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინიდან სააკაშვილის დეპორტაცია იგეგმება, მაგრამ არა საქართველოში
უკრაინული გამოცემა strana.ua-ს ინფორმაციით, ქვეყნიდან მიხეილ სააკაშვილის დეპორტაცია ახალ წლამდე იგეგმება, თუმცა არა საქართველოში. ამის შესახებ გამოცემას ძალოვანი სტრუქტურებიდან რამდენიმე წყარომ აცნობა.
„სააკაშვილის გაძევება სპეცოპერაციის ფორმატში მზადდება. ქართველების დეპორტაცია, რომლის მომსწრენი რამდენიმე დღის წინ გავხდით, ამ მზადების ელემენტია. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის დეპორტაცია არა საქართველოში, არამედ მესამე ქვეყანაში იგეგმება. შესაძლოა, პოლონეთში, საიდანაც ის ბოლოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდა“, – ამბობს გამოცემის წყარო, რომელიც, მათივე მტკიცებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან არის დაახლოებული.
ასეთ სცენარზე strana.ua-სთან უკრაინის შსს-ს ყოფილი მრჩეველი ილია კივაც საუბრობს. დეპორტაციის მზადების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ პეტრო პოროშენკოს ბლოკშიც.