უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოპოლზე მძიმე არტილერიით მიიტანეს იერიში. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაზიანებულია მრავალსართულიანი კორპუსები და კერძო სახლები, ასევე გაზსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი.
პირველ მაისს, გამთენიისას უკრაინის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსული რაკეტების განეიტრალების მიზნით საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. რამდენიმე რეგიონში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სუმის ოლქის დასახლებული პუნქტების და სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი.
მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების კონცენტრაციის ზონებზე სამი საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინელმა არტილერისტებმა და სარაკეტო ჯარების ქვედანაყოფებმა ასევე დაბომბეს რუსეთის საოკუპაციო ძალების იარაღისა და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ოთხი უბანი. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან ქალაქები ბახმუტი და მარინკა.