კიევის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს
კიევსა და კიევის ოლქის სხვა დასახლებებში დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ელექტროენერგიის შეზღუდულად მიწოდების გადაწყვეტილების მიზეზად სახელდება ის, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს საკმარისად არ შეუმცირებიათ ელექტროენერგიის მოხმარება.
„ოლქში შეინიშნება ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. ამასთან დაკავშირებით რეგიონში 09:20 საათიდან იძულებით დაიწყო დენის დროებით გათიშვა. მივმართავ ყველას, აუცილებელია ელექტროენერგიის ტოტალური დაზოგვა. ეს ყველას ეხება. გამოვრთოთ ზედმეტი ელექტრომოწყობილობები. ჩაიდნებიდან ელექტროგამათბობლებამდე, უთოებიდან სარეცხ მანქანებამდე. არ ჩავრთოთ არც ერთი ენერგომოცულობითი მოწყობილობა“, – განაცხადა კულებამ.
ამასთან, კომპანია „კიევის ელექტროქსელების“ განცხადებით, კიევში შეიქმნა ელექტროენერგიის მიწოდების გამორთვის გრაფიკი მისამართების მიხედვით. დედაქალაქში ელექტროენერგიის მომხმარებლები სამ ნაწილად დაიყო, თითოეულ ჯგუფს ელექტროენერგიის მიწოდება დღის სხვადასხვა მონაკვეთში შეუწყდება.
კომპანიაში აცახდებენ, რომ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ, რათა ელექტროენერგია გამოირთოს არა უმეტეს ოთხი საათისა.