უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ბახმუტთან უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის 12 შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა
უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის 12 შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 100-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლეს, 200-მდე კი დაიჭრა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლური დაჯგუფების ინფორმაციით, ბახმუტის რაიონში 35 დაბომბვა განხორციელდა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის მხრიდან მთავარ დამრტყმელ ძალად „ვაგნერის“დაქირავებული მებრძოლები რჩებიან, თუმცა დიდი დანაკარგების გამო მათ აძლიერებენ რუსეთის საჰაერო-სადესანტო და მექანიზებული ჯარების ნაწილები. კიევში აცხადებენ, რომ რუსული არტილერია და ავიაცია, რომლებიც უკრაინის არმიის პოზიციებს ბომბავს, რუსეთის არმიის რეგულარულ ჯარებს ექვემდებარება.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ბახმუტის აღება რუსეთს გაუხსნის გზას დონეცკის რეგიონის სხვა დასახლებებისკენ, ამიტომ უკრაინელი სამხედროები გააგრძელებენ ქალაქის დაცვას, მაგრამ ალყაში არავინ უნდა მოექცეს.