უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარი დაუჭირა უკრაინის ნატო-ში შესვლასა და უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის პოლიტიკური შედეგების შესახებ, რომელშიც მან მხარი დაუჭირა უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლასა და უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“, – ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის სახალხო დეპუტატზე, ევგენია კრავჩუკზე დაყრდნობით წერს.
რეზოლუციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 80-მა წევრმა მისცა ხმა. როგორც მედია იუწყება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დოკუმენტში გმობს კახოვკის კაშხლის ნგრევას და ადასტურებს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა იმუქრება ბირთვული ომით და შანტაჟის მიზნით იყენებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციას.
მედია ასევე იტყობინება, რომ დოკუმენტის დებულებებს შორის არის მოწოდება, მართლმსაჯულების წინაშე დადგეს რუსეთის ყველა კერძო სამხედრო კომპანია და მოკავშირე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულს ჩადის და შექმნას რუსეთის ინტერესებში მომუშავე კომპანიებისა და კერძო პირების რეესტრი, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით ეხმარებიან რუსეთს.