უკრაინული მედიის ინფორმაციით, დმიტრო კულება შესაძლოა, თანამდებობიდან გათავისუფლდეს
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენონ.
როგორც უკრაინული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, კულებას მისი მოადგილე ანდრეი სიბიგა შეცვლის.
წყაროების თქმით, მთავრობა სხვა მინისტრების გათავისუფლებასაც გეგმავს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი თანამდებობაზე დარჩება.
ცნობისთვის, დღეს უკრაინაში თანამდებობა სამმა მინისტრმა დატოვა. ესენი არიან: სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ოლექსანდრ კამიშინი, იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა და გარემოს დაცვის მინისტრი რუსლან სტრილეტსი. ამასთან, გადადგომის შესახებ განცხადება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამაც დაწერა.