უკრაინული მედიის ინფორმაციით, ანდრეი დერკაჩმა პუტინსა და პოროშენკოს შორის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, უკრაინის რადას დეპუტატი, ანდრეი დერკაჩი ავრცელებს სატელეფონო ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო დონბასის საკითხს მეგობრულად განიხილავენ.
„2015 წელს ლიდერები მშვიდობიანად განიხილავდნენ დონბასის რეგულაციებს და ბოლოს ერთმანეთს თბილად დაემშვიდობნენ“, – წერს სააგენტო „უნიანი“.
მათივე ცნობით, გავრცელებული სატელეფონო ზარი 2015 წლის 30 აპრილს, დებალცევოს ტრაგედიიდან ორი თვის თავზე განხორციელდა.
ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერ არ დადასტურებულა, ისმის, თუ როგორ განიხილავენ ქვეყნების ლიდერები მინსკის პროცესს და ერთმანეთთან ხუმრობენ.
დიალოგისას პოროშენკო პუტინს კიევში, მინსკის პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებების ჩასატარებლად იწვევს.
„ჩვენ შრომისმოყვარე ადამიანები ვართ, იქნებ, სოლიდარობასაც კი მივაღწიოთ“, – ამბობს პოროშენკო ჩანაწერში.
დიალოგის ბოლოს, პოროშენკო და პუტინი ერთმანეთს თბილად ემშვიდობებიან.
„კარგი, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ხელს გართმევთ, დიდი მადლობა“, – აცხადებს პოროშენკო.
„გეხვევით, შეხვედრამდე, კარგად“, – პასუხობს პუტინი.
როგორც „უნიანი“ წერს, გავრცელებულ ჩანაწერში არსებული ტონი მკვეთრად განსხვავდება იმ დამოკიდებულებისგან, რომელსაც პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სახალხოდ გამოხატავდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ანდრეი დერკაჩს უკავშირდება გასაჯაროებული აუდიჩანაწერები, რომლებიც დერკაჩის განცხადებით, ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ამჟამად საპრეზიდენტო კანდინატი ჯო ბაიდენი, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოზე ზეწოლას ცდილობდა.
დერკაჩი ასევე აცხადებს, რომ ფლობს მასალებს, რომლებითაც დასტურდება, რომ აშშ ბაიდენის ვაჟიშვილის, ჰანტერ ბაიდენის კომპანია „ბურიზმასთან“ დაკავშირებით დაკითხვების ჩატარებას ხელს უშლიდა.