უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო ავარიის შემთხვევაში ევაკუაციის გეგმა განიხილეს
უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო ავარიის შემთხვევაში ევაკუაციის გეგმა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ტელეგრამით“ გაავრცელა ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციამ.
როგორც ადგილობრივ მთავრობაში განაცხადეს, უკვე შემუშავებულია მოსახლეობისთვის შესაძლო ავარიის შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიწოდების სისტემა და ის წესები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები სხვადასხვაგვარი საფრთხის დროს.
„ჩვენ მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ ყველა შესაძლებლობა, რადგანაც რუსი დამპყრობლების მხრიდან რეალური საფრთხის შემთხვევაში განხილვისა და მსჯელობის დრო აღარ გვექნება“, – აცხადებენ ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციაში.
უკრაინული მხარის ცნობით, დღეს რუსი სამხედროების ქმედებების გამო, პირველად ისტორიაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ელექტროქსელიდან გაითიშა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქი ენერგოდარი, სადაც ატომური სადგური მდებარეობს, ასევე დენი გაითიშა მელიტოპოლში, ხერსონში და ამავე ოლქის დასახლებების ნაწილში.