უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინა პოლონეთიდან ხახვზე, პომიდორზე, კომბოსტოსა და ვაშლზე ემბარგოს დააწესებს
უკრაინული მედიის ცნობით, უახლოეს დღეებში უკრაინა პოლონეთიდან ხახვზე, პომიდორზე, კომბოსტოსა და ვაშლზე ემბარგოს დააწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ტარას კაჩკა ავრცელებს.
კაჩკას თქმით, ამის მიზეზი უკრაინის მიზანია, დაარწმუნოს ვარშავა, დაეთანხმოს მარცვლეულის ვაჭრობის ლიცენზირების მექანიზმს, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირთან თანამშრომლობით.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის ძალისხმევა მიმართულია არა პოლონეთთან ურთიერთობების გაუარესებისკენ, არამედ დავების გადაწყვეტის ცივილიზებული მეთოდების შემუშავებაზე.
უკრაინის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ უკრაინამ ხუთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დაკარგა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის იმედი. სწორედ ამიტომ 18 სექტემბერს უკრაინის მთავრობამ სარჩელი შეიტანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ. ამ დრომდე უკრაინის მთავრობას პოლონეთისგან პასუხი არ მიუღია.