უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ კიევში პენსიონერს სცემა, რასაც არეულობა მოჰყვა
კიევის მეტროსადგურ „ლესნაიასთან“ მდებარე ბაზარი დაარბიეს. უკრაინული მედიის ცნობით, არეულობის დროს დაშავდა სამი პოლიციელი. დააკავეს 34 მოქალაქე. მათ ხულიგნობაში დასდეს ბრალი.
როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ბაზრის დარბევას წინ უძღოდა ინციდენტი, რომლის დროსაც ამავე ბაზარში უკრაინელ პენსიონერს სცემეს. დამნაშავე კი 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა.
თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცმა უკრაინელ პენსიონერს იმის გამო დაარტყა, რომ ეს უკანასკნელი ქალს გამოესარჩლა.
მოგვიანებით, პოლიციამ დაადგინა, რომ თავდამსხმელი 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქეა. მისი სურათი „ფეისბუქზე“ უკრაინელმა დეპუტატმა ანტონი გერაშჩენკომ გაავრცელა.
„მოვუწოდებ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს თავი შეიკავოს ეთნიკური სიძულვილის გაღვივებისგან. ნაძირლები, სამწუხაროდ, ყველა ერს ჰყავს და არა მხოლოდ ქართველებს“, -წერს გერაშჩენკო.