უკრაინული მედიის ცნობით, მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და შპს-ებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ და უცხოურ დაფინანსებას იღებენ, მობილიზაციისგან სრული, 100%-იანი დაცვა აქვთ, – ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტგამოცემა „სასამართლო-იურიდიული“ გაზეთი წერს.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება 133 ორგანიზაციაზე ვრცელდება.
მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ ის ორგანიზაციები, რომლებსაც ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებულ პერიოდში მოსახლეობისთვის სასიცოცხლო საქმიანობის უზრუნველსაყოფად კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ.
მედიის ცნობით, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და შპს-ების მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობენ უკრაინაში პოლიტიკის ფორმირების საკითხებით, დაკავებული არიან საზოგადოებრივი აზრის კვლევით, გამოკითხვებით, საარჩევნო პროცესების ანალიზით, თუმცა რატომღაც „კრიტიკულად მნიშვნელოვნად“ არიან მიჩნეული.
ამასთან, საზოგადოებრივი კომპანიები, კიევის მეტრო და კიევავტოდორი, მობილიზაციის გამო მუშახელის ნაკლებობაზე საუბრობენ. მობილიზაციისგან სრულ დაცვას არ ექვემდებარებიან საგანგებო სამსახურის მაშველები და პოლიციის თანამშრომლები. ქალაქის ზოგიერთი საწარმო კი სამუშაოების შეწყვეტის რისკებზე საუბრობს.
ორგანიზაციების გარდა, რომლებიც არიან დონორი ინსტიტუტების უშუალო წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ა.შ., უკრაინის მთავრობის სიაში შედის არაერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია და შეზღუდული პასუხისმგებლობის ორგანიზაცია, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულება. მაგალითად, უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო ქსელი „ოპრა“, რომლის ლიდერებს შორის არის ოლგა აივაზოვსკაია. ღია წყაროების მიხედვით, ის იყო ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
„არჩევნები, როგორც დემოკრატიის ინსტრუმენტი არის ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის საფუძველი“, – წერია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სიაში ასევე არის არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტიკური სტუდიებისა და ანალიტიკის ცენტრი ეიდოსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელია პოლიტტექნოლოგი ვიქტორ ტარანი. ორგანიზაციის ვებგვერდი ამჟამად არ მუშაობს, თუმცა ფეისბუქგვერდზე ნათქვამია, რომ ცოტა ხნის წინ „ეიდოსმა“ გამართა ღონისძიება სახელწოდებით – „გასტროტურიზმი: ევროკავშირისა და უკრაინის გამოცდილება“. ამასთან, სიაშია არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინის პოლიტიკური კვლევების დამოუკიდებელი ცენტრი“ (UCPI), რომლის საქმიანობის სფეროა „სოციალურ-პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება, პოლიტიკის ფორმირება და განხორციელება“.