უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ახალი თანამდებობის ფარგლებში უკრაინის მთავრობას დაეხმარება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ახალი შესაძლო პოზიცია უკრაინის მთავრობაში რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ჯერ არ არის გასაჯაროებული, თუ რა რანგში შეურთდება სააკაშვილი უკრაინის მთავრობას. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
უკრაინული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სააკაშვილის მომავალი პოზიციის გასაჯაროება ჯერ არ მოხდება, რადგან ამის თაობაზე განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უნდა გააკეთოს. სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად ცნობილია მხოლოდ ის, რომ სააკაშვილი უკრაინის მთავრობას მუშაობაში დაეხმარება.
22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან მიიღო შეთავაზება, გამხდარიყო ქვეყნის ვიცე-პრემიერი განვითარების საკითხებში. მმართველი ფრაქციის „ხალხის მსახურის“ შიგნით სააკაშვილის კანდიდატურამ 140-170 ხმის მოგროვება შეძლო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კანდიდატურა ამ პოზიციაზე აღარ განიხილებოდა და ზელენსკი და სააკაშვილი სხვა ფორმატში ითანამშრომლებდნენ.