უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზიდან ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი დაიკარგა
უკრაინული მედიის ცნობით, კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზზე ცნობილი ფოტოჟურნალისტი მაქსიმ ლევინი დაიკარგა. უკრაინულ მედიას აღნიშნულის შესახებ, მაქსიმ ლევინის მეგობარმა, მარკიან ლისეიკომ შეატყობინა.
ლისეიკოს ცნობით, ლევინი კავშირზე ბოლოს 13 მარტს გამოვიდა, როდესაც ვიშგოროდის რაიონში იმყოფებოდა. მისი თქმით, ლევინი სოფელ მოშუნის მიმართულებით წავიდა, სადაც საომარი მოქმედებები უნდა გადაეღო, რის შემდეგაც ის კავშირზე აღარ გამოსულა. როგორც ლისეიკო ამბობს, იმ რაიონში, სადაც ჟურნალისტს უნდა ემუშავა, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რა დროსაც შესაძლოა, ჟურნალისტი დაიჭრა ან რუსი ჯარისკაცების ტყვეობაში აღმოჩნდა.
მაქსიმ ლევინი ფოტოკორესპონდენტად და დოკუმენტურ ფოტოგრაფად მუშაობს, თანამშრომლობდა ბევრ უკრაინულ და საერთაშორისო მედიასთან. მისი დოკუმენტური პროექტების უმეტესობა დონბასისა და უკრაინის ომზეა.