უკრაინული მედიის ცნობით, ანდრეი სიბიგას მიერ ელჩებთან გამართულ პირველ თათბირზე საქართველოში უკრაინის რწმუნებულმა საელჩოში „სარეცხის მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი დააყენა“
ანდრეი სიბიგამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში უკრაინის ელჩებთან ონლაინფორმატში პირველი თათბირი გამართა. ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც მედია წერს, 8 სექტემბერს გამართულ თათბირზე სიბიგამ ელჩებს განუცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მათგან ელოდება ახალ დინამიკას და ინიციატივებს, ასევე იმას, რომ ისინი აქტიურად იქნებიან წარმოდგენილი ადგილობრივ მედიაში.
მინისტრის განცხადებით, აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოქსანა მარკაროვას გარდა, უკრაინის ელჩები არ არიან საკმარისად წარმოდგენილი იმ ქვეყნის მედიაში, სადაც დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობენ. ასევე, საუბარი იყო რეგიონთაშორის თანამშრომლობასა და საპატიო კონსულების მუშაობაზე. კერძოდ, იგეგმება არაკეთილსინდისიერი და არაეფექტიანი საპატიო კონსულებისთვის აკრედიტაციების გაუქმება.
სიბიგამ დიპლომატებს ასევე აცნობა, რომ დაგეგმილია ბევრ საელჩოში საშტატო თანამდებობების შემცირება. ამასთან, როგორც უკრაინული გამოცემა ZN.ua წერს, „თათბირზე საქართველოში უკრაინის მრჩეველმა-რწმუნებულმა საელჩოში სარეცხის მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი დააყენა“.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხაილო ხარიშინი გაიწვია. ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ „ომში მყოფი ქვეყნის ელჩები ვერ იქნებიან მოწყვეტილი ომის რეალობისგან“.