უკრაინული მედია წერს, რომ მსოფლიოს მედიასაშუალებები კახოვკაში კაშხლის აფეთქებაში დამნაშავეს არ ასახელებენ
უკრაინული მედია წერს, რომ მსოფლიოს მედიასაშუალებები კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში დამნაშავეს არ ასახელებენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ სტატიის სათაურიდან რუსეთი ამოიღო. როგორც მედია წერს, „ბილდის“ ორიგინალურ სათაურში ეწერა: „რუსებმა უკრაინაში უზარმაზარი კაშხალი ააფეთქეს“, რედაქტირების შემდეგ კი სათაური შემდეგნაირად შეიცვალა: „უკრაინაში უზარმაზარი კაშხალი აფეთქდა“.
მედია იუწყება, რომ მსგავსი სათაური გაჩნდა საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მთავარ გვერდზეც, სადაც ნათქვამია: „უკრაინის სამხრეთში ყირიმის წყლით მომმარაგებელი კაშხალი ააფეთქეს“.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აგრესორი სახელმწიფოს ბრალი კაშხლის აფეთქებაში არც „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში იყო ნახსენები. „მნიშვნელოვანი კაშხალი განადგურდა ფრონტის ხაზზე სამხრეთ უკრაინაში“ – ვკითხულობთ სათაურში, ხოლო ქვესათაურში განმარტებულია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტერაქტში რუსეთი დაადანაშაულა.