მედიის ცნობით, სანქციების ათი პაკეტის მიუხედავად, მარტში ესტონეთიდან რუსეთში ექსპორტი, გასული წლის პერიოდთან შედარებით, 17 მილიონი ევროთი გაიზარდა
სანქციების ათი პაკეტის მიუხედავად, მარტში ესტონეთიდან რუსეთში ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17 მილიონი ევროთი გაიზარდა, – ამის შესახებ უკრაინული მედია ესტონეთის სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
„გასული წლის მარტსა და წლევანდელ მარტს თუ შევადარებთ, რუსეთში ექსპორტი 57 მილიონი ევროდან 74 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ექსპორტის 44 პროცენტი არის მანქანები და სატრანსპორტო აღჭურვილობა: ეს არის საბეჭდი მანქანები და ცენტრიფუგები“, – განაცხადა სტატისტიკის დეპარტამენტის ანალიტიკოსმა, იანე ლეპმეტსმა.
როგორც მედია წერს, ლეპმეტსი განმარტავს, რომ ზრდა გამოწვეულია ინფლაციის გამო, საქონლის რაოდენობა დაახლოებით იგივე დარჩა, მაგრამ ფასები გაიზარდა. მედიის ცნობით, ესტონეთის სტატისტიკის სამსახურში განაცხადეს, რომ ექსპორტირებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთიდან შემოსული საქონელია და მიმდინარე წლის მარტში ესტონურმა პროდუქტებმა რუსეთში ექსპორტის მხოლოდ მეოთხედი შეადგინა.